ანდრიუს კუბილიუსი - მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს შეუძლია, ხელშესახები შედეგი მოიტანოს საქართველოში მომავალი არჩევნებისთვის
ანდრიუს კუბილიუსი - მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს შეუძლია, ხელშესახები შედეგი მოიტანოს საქართველოში მომავალი არჩევნებისთვის

მოხარული ვიქნებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებით, დიალოგს შეუძლია, მოიტანოს ხელშესახები შედეგი მომავალი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. კუბილიუსმა საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით საქართველოში. ჩვენ ევროკავშირის ელჩთან განვიხილეთ ეს ვითარება. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებით, რამდენადაც დიალოგს შეუძლია მოიტანოს ხელშესახები შედეგი მომავალი არჩევნებისთვის, რითაც, გარკვეული სახით, ნდობას დაუბრუნებს დემოკრატიულ საარჩევნო სისტემას“,- განაცხადა კუბილიუსმა.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია.

კუბილიუსის თქმით, ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას, უსურვებს, შეთანხმდნენ მომდევნო ნაბიჯებზე, რათა უფრო მეტი პროპორციულობა დაამკვიდრონ საარჩევნო სისტემაში 2020 წლის არჩევნებში.

„რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აწევს მხრებზე იმ დაპირებების არ შესრულებისთვის, რომელიც ადრე, ივნის-ივლისში გასცა. ეს კარგი გამოსავალი არ არის, რადგან იწვევს უნდობლობას ხალხში და ევროკავშირში საქართველოს მეგობრებში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. საუბარი იყო გერმანულ მოდელზე, რომელიც არ საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებებს. მინდა, ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას, ვუსურვო, შეთანხმდნენ მომდევნო ნაბიჯებზე, რათა უფრო მეტი პროპორციულობა დაამკვიდრონ საარჩევნო სისტემაში მომავალი წლის არჩევნებში“,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.