ანდრიუს კუბილიუსი - იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიწევს წინ, საქართველო სწავლობს ჩვენგან და ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს შესახებ ბევრ რამეს
შემიძლია, მხოლოდ შევაქო პრეზიდენტი, იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიწევს წინ, საქართველო სწავლობს ჩვენგან და ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს შესახებ ბევრ რამეს, – განუცხადა ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ეს რეალურად იყო შესაძლებლობა საკითხების გადასაჭრელად, რომლიც 8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადაუწყვეტელი რჩებოდა.
„ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია. მე შემიძლია, მხოლოდ შევაქო პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს რეალურად იყო შესაძლებლობა ამ საკითხების გადასაჭრელად, რომლიც 8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადაუწყვეტელი რჩებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს რეალურად იქნება სასამართლო პროცესის პოლიტიზების დასასრული საქართველოში.
იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. ამ ძველი პოსტსაბჭოთა ტრადიციის გამო, ბევრი ქვეყანა დაზარალდა. ბევრ ქვეყანაში ვნახეთ იგივე პრობლემა. მე მინდა, ვუთხრა ოპოზიციასაც და მთავრობასაც, რომ საქართველოს მეგობრები ატლანტიკის ოკეანის ორივე მახარეს, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. იმედი მაქვს, რომ პროპორციულ არჩევნებზეც შეთანხმება შედგება.
იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიწევს წინ. საქართველო სწავლობს ჩვენგან და ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს შესახებ ბევრ რამეს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი იქნება. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა ბრიუსელში მოამზადა ანგარიში, რომელიც ეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს და ასევე ბალკანეთის ქვეყნებსაც. კვლევა ეხებოდა, თუ რომელი ქვეყანაა მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველო იყო ნომერი პირველი. ასევე რომ, შეინარჩუნეთ ეს მიღწევა“, – განუცხადა კუბილიუსმა საქართველოს პირველ არხს.