ანდრიუს ​კუბილიუსი ​- სააკაშვილისა და ტიმოშენკოს საქმეებს შესაძლოა, სხვადასხვა სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმას
ანდრიუს ​კუბილიუსი ​- სააკაშვილისა და ტიმოშენკოს საქმეებს შესაძლოა, სხვადასხვა სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმას

ჩვენ ვიქნებოდით ძალიან მოხარულები, გვენახა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულებულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

როგორც ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში შედგა საუბრები როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წევრებთან.

„არ მინდა, შექმნილი ვითარება ქართველ ხალხს დავუკავშირო, რომელსაც აქვს ევროკავშირში შესვლის ძალიან დიდი სურვილი. პოლიტიკოსებმა ეს უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთგვარ შუალედურ სტატუსზე, ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და სხვა საკითხებზე. თუმცა არის მკაფიო საბაზისო მოთხოვნები – დემოკრატიის სიმწიფე და კანონის უზენაესობა. ნებისმიერ ქვეყანაში ერთიანი ბაზარი ვერ იმუშავებს კანონის უზენაესობის გარეშე. ეს ძალიან მარტივია. თქვენი სასამართლოების გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს ერთიან ბაზარში მონაწილე ყველა ქვეყნის ნდობა და პატივისცემა. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის. სააკაშვილის ამბავთან დაკავშირებით, ჩვენ პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ პრემიერ-მინისტრის კომენტარებით ძალიან გაკვირვებულები ვიყავით. მან სცადა განმარტება, თუმცა კომენტარი, თუ სააკაშვილი კარგად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ დამატებითი საქმე გაჩნდებოდა, ეს აჩვენებს, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა. იგივე ეხება ზოგად სიტუაცია. ბოლო პერიდოში მე ვესაუბრე როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წევრებს. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ამბის თავიანთ მხარეს.

მმართველ პარტიასთან საუბრისას, მე ვუთხარი, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციის შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმას“, – განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„მე მივცემ რჩევას, თუ რა უნდა გააკეთონ, ან რა მიმართულებით უნდა შეამცირონ პოლიტიზაცია, ან რა უნდა გააკეთონ სამართლებრივი საქმეების გადასაწყვეტად, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა ვერ შეძლებს ამ ვითარების გადალახვას, მაშინ ბრიუსელში აღქმები საქართველოს მიმართ ნამდვილად არ იქნება პოზიტიური და ეს დააზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის მთელ პროცესს“, – განაცხადა კუბილიუსმა.