ანდრია ჯაღმაიძე - სასულიერო პირებისგან თუ გამოვლინდება რამე ძალადობრივი, ერთ შემთხვევაში მივიღეთ ზომები და კიდევ მივიღებთ
ანდრია ჯაღმაიძე - სასულიერო პირებისგან თუ გამოვლინდება რამე ძალადობრივი, ერთ შემთხვევაში მივიღეთ ზომები და კიდევ მივიღებთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებისას ყველამ დაინახა, როგორ ეფარებოდნენ და იცავდნენ სასულიერო პირები ჟურნალისტებს.

„როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ჟურნალისტს ეფარებოდეს, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებებს შეეხებოდა, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ასეთი ერთი შემთხვევა იყო, რის გამოც სასულიერო პირი დაიბარეს და საყვედური გამოუცხადეს.

„სასულიერო პირი დაბარებული იყო და გამოვუცხადეთ სასტიკი საყვედური. მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი რაიმე გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მოვლენებზე საუბრისას ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა საპატრიარქოს მხრიდან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

„არ გინახავთ ჩვენი საერთო განცხადებები? დღის განმავლობაში ხუთი ან ექვსი განცხადება გავრცელდა სიმშვიდისაკენ მოწოდებაზე. მამა შალვა კეკელიამ გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა სიმშვიდისაკენ. ამის შესახებ წინასწარაც გავაკეთეთ განცხადება, ვაფრთხილებდით ყველას. ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს, პრაიდის მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ყველას. ბოლო დრომდე მოვუწოდებდით, რომ გაუქმებულიყო პრაიდი. გვაჩვენეთ კადრები, თუ რაიმე პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომებს.

არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, საშინელებას, რაც ვნახეთ, ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რით ავხსნა. სასულიერო პირებისგან რამე ძალადობრივი თუ გამოვლინდება, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. ერთ შემთხვევაში მივიღეთ, თუ იქნება, კიდევ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებთ ზომებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი