ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ლოცვა-კურთხევას გადავცემ სასულიერო პირებს, რომ უმკაცრესად უნდა დაიცვან რეკომენდაციები
ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ლოცვა-კურთხევას გადავცემ სასულიერო პირებს, რომ უმკაცრესად უნდა დაიცვან რეკომენდაციები

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გუშინდელი შეთანხმების გარკვეულწილად კორექტირებას არ გამორიცხავს.

ამასთან, მან ტაძრების წინამძღვრებს, სასულიერო პირებს მოუწოდა, უმკაცრესად დაიცვან აქამდე გაცემული რეკომენდაციები.

„ტვ პირველის“ ეთერში კითხვაზე, კორექტივები განიხილება თუ არა გუშინ გამოცხადებულ შეთანხმებაში და ხომ არ გამორიცხავს, რომ ხვალ საპატრიარქომ ახალი პოზიცია გამოხატოს, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული.

„არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელი არის. ჩვენ როგორც დავაკვირდით ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ ხდებოდა დაზუსტება და ახალი რეკომენდაციების დამატება. ჩვენ ვრჩებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში. ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც საპატრიარქოს პრესსპიკერი აკეთებს რამე განცხადებას, ეს ყოველთვის მართებულია, რომ დარჩეს სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში ან საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციაზე. ამიტომ აქ რაღაც ჩემ პირად სპეკულაციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ როდესაც ვაკეთებთ რაღაც დაზუსტებას, თუნდაც რეკომენდაციის სახით, ეს ყოველთვის რჩება საქართველოს ეკლესიის ყველა მღვდელმთავრის მიერ მოწერილი ოქმის ფარგლებში. იქ არის ლავირების საშუალება, იქ არის საშუალება, რომ დამატებითი რეკომენდაციები გაიცეს, კიდევ უფრო გამკაცრდეს“, – განაცხადა მან.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ სასულიერო პირებს მოუწოდა, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც სინოდის, ასევე საპატრიარქოსა და პატრიარქის განცხადებებში იყო მოცემული.

„კიდევ ერთხელ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას გადავცემ სასულიერო პირებს, რომლებიც ტაძრებს ხელმძღვანელობენ, წინამძღვრებს ​ ტაძრებისას, რომ უმკაცრესად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებიც არის აქამდე გაცემული, სინოდის, შემდგომში საპატრიარქოს განცხადების, მერე პატრიარქის მიმართვის შინაარსში რასაც ვკითხულობთ. აუცილებლად დასაცავი არის დისტანცია, აუცილებლად უნდა იყენებდნენ სადეზინფექციო ხსნარებს, აუცილებლად ყველა იმ რეკომენდაციას ითვალისწინებდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ მრევლმა ეს ყველაფერი დაიცვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო ლოცვა-კურთხევა“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.