დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება  
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება  

კიკეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

მისივე თქმით, მეცნიერებათა აკადემიაში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

“კანონპროექტის ინიცირებამდე რომ გამართულიყო შეხვედრები და კონსულტაციები, მივიღებდით დოკუმენტს, რომელიც ნაკლებად მწვავე იქნებოდა საზოგადოებისათვის. აქ ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი არგუმენტირებული მსჯელობა ამა თუ იმ ასპექტზე, ქვეყანაში როგორი უნდა იყოს ეფექტური ნარკოპოლიტიკა”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ​კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები შეჩერდება, ვიდრე არ იქნება ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

“უმთავრესი პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის ის, რომ მსგავსი რეფორმა უნდა მიმდინარეობდეს ნარკოდამოკიდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქებისა და ნარკოტიკების გავრცელების მიმართ სასჯელის გამკაცრების ფონზე. ერთი შეხვედრით გადარწმუნება რთულია, თუმცა არაფერი პირი არ უჩანს, რომ შეთანხმება არ შედგება”, – განაცხადა დეკანოზმა.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერებმა, ნარკოლოგებმა, სასულიერო პირებმა, ნარკოპოლიტიკის რეფორმის ავტორებმა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე. რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან(წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.