ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში კონფლიქტის დარეგულირება არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება
ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში კონფლიქტის დარეგულირება არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება

რაც ჩვენ დმანისში ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარკვეული ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე – სახელმწიფო, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც.

„გუშინ მრავალი შეკითხვა ისმოდა დმანისში განვითარებულ მოვლენებში საპატრიარქოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამიტომ გვინდოდა, მოგცემოდათ საშუალება საუბრის. იმ დღეს მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი. ჩვენთვის ეს არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და დღეს ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რათა საბოლოოდ მოხდეს ყველა იმ საფუძვლის აღმოფხვრა, რომელზეც შესაძლოა, მომხდარიყო მსგავსი უსიამოვნება. კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე, სახელმწიფო თავისთავად, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც მათ შორის. იქ იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში. მათი ჩართულობით, ჩვენთან ერთად, მოხდა პირველი ნაბიჯის გადადგმა მშვიდობისკენ. მადლობა ყველას. ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, საკმარისი გამოხმაურება არ აქვს ამ შერიგების სიხარულს. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფაქტია, ვიდრე ამის გაშუქება ხდება. ეკლესია თავისთავად არის მშვიდობისმყოფელი და როცა ჩვენდამი არსებობს ნდობა მოსახლეობისა, ეს უნდა გამოვიყენოთ, რათა მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მსგავს სიტუაციაში ეკლესიის ეფექტურობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისმწამებლური, მტრული დამოკიდებულება.

„აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ როგორც საქართველოს მოყვარულებს, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს, და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. ყველას გვახსოვს, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველი დაყოფა ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება. ღვთის წყალობით, ამდენი ხალხის ჩარევით, სახელწიფოს მეცადინეობით, მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა.

სამწუხაროა, რომ ძალიან არასწორ კონტექტსში იყო ნახსენები სიტყვა „ეკომიგრანტები“. მოსახლეობის ნაწილის მიმართ ამან გამოიწვია მათი უკმაყოფილება. საღამოს ეთერშიც ტელევიზიები მხოლოდ ამ ტერმინს ხმარობდნენ. ეს იყო საკვირველი, როცა ამ ხალხის გაღიზიანებას იწვევდა, ასე გრძელდებოდა მათი ამ კონტექსტში მოხსენიება. საჭირო არის უფრო მეტი დაფიქრებულობა, რომ არ გავაღვივოთ კონფლიქტი, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ალბათ მედიასაც მართებს დაფიქრება, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, რათა ესკალაცია არ მომხდარიყო ვითარების. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საუბარი, შევაჯეროთ. დარწმუნებული ვართ, არავის ინტერესში არ შედის ეს კონფლიქტი, თუმცა უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რაც ჩვენ ადგილზე ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ გარედან იყო ინსპირირებული გარკვეული ძალის მიერ ამ კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბში გადაზრდის მცდელობა. სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხოლმე, დროულად აღვკვეთოთ მსგავსი ტენდენციები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.