ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯის საკითხზე ძველი კომისიის მუშაობა იყო მოღალატეობრივი და პარადოქსია, რომ აზერბაიჯანული მხარე რეალობას გაცილებით გაგებით ხვდება, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე
ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯის საკითხზე ძველი კომისიის მუშაობა იყო მოღალატეობრივი და პარადოქსია, რომ აზერბაიჯანული მხარე რეალობას გაცილებით გაგებით ხვდება, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე

ძველი კომისიის მოქმედების შედეგად დღეს აზერბაიჯანის მესაზღვრეები დგანან ქედზე და ფაქტობრივად საქართველოს ჩამოაჭრეს ძირძველი ქართული სიწმინდეები, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომისიის მაშინდელი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, კომისიის მოღალატეობრივი გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მონასტერი დარჩა საზღვრის იქით.

„კომისიამ სავარაუდოდ გასავლელი საზღვარი დააფიქსირა და აზერბაიჯანის მხარემ დაიწყო კომისიის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად ქმედება და დადგნენ იქ, სადაც ამას ვარაუდობდა კომისია. ახლა საუბარი, რომ შეცდომაში შევიდნენ ძალიან ძნელია, რადგან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მონასტრები რჩება საზღვრის იქითკენ, ამიტომ ასეთ საქციელს სხვა ვერაფერს ვუწოდებთ გარდა მოღალატეობრივი ქცევისა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კომისიის გადაწყვეტილების მიზანი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

„დაველოდოთ გამოძიებას და შემდგომში შეიძლება მსჯელობა. ამ ყველაფერში პარადოქსი არის ის, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ რეალობას გაცილებით უფრო გაგებით და კონსტრუქციულად ხვდება, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე. აზერბაიჯანის მხარე ამას ალბათ საქმიანად მიუდგება. ახალ ფაქტობრივ მდგომარეობას კომისია ერთობლივად გადახედავს. ეს არის დოკუმენტაცია, რომლის ეჭვქვეშ დაყენებაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოხდა თუ არა ამ საკითხის წინასაარჩევნოდ წამოწევა, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრობის თვალის მიდევნება, რის შემდეგ რა ხდებოდა. ფაქტობრივად გარეჯის ლავრის ბერების აქტიურობამ საპატრიარქოსთან ერთად და მთლიანად ეკლესიის აქტიურობამ გამოიღო ის შედეგი, რომ სახელმწიფო მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩადგნენ საქმის კურსში და არ დარჩა ეს ვიწრო ჯგუფის განსახილველი თემა. მათ გაიგეს, რაშია საქმე და პრობლემა, მოისმინეს ეს და დღესმ როდესაც სახელმწიფო ამაზე რეაგირებს, არის შედეგი ქმედებებისა, რომელსაც ეკლესია ახორციელებდა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ძალიან ხელოვნურია დაკავშირება საარჩევნო ან მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებთან. განცხადებები კეთდებოდა წლების განმავლობაში. ყოველთვე ვიმეორებდი და აღვწერდი, თუ რაიმე ცვლილება იყო. ჩვენ ნატო-ს ოფისშიც ვისაუბრეთ ამაზე. შარშან იყო ჩვენი დელეგაცია და ბრიუსელში, სახალხო პარტიის ოფისშიც გადავეცით ჩვენ დოკუმენტები სამომავლო იმედით, თუ დაგვჭირდებოდა საერთაშორისო ჩარევა, მათ წინასწარ სცოდნოდათ, რომ ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ და რაღაცა დოკუმენტები გვაქვს ხელთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი