ანდრია ჯაღმაიძე - ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მომხდარი ფაქტი არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს
ანდრია ჯაღმაიძე - ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მომხდარი ფაქტი არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა იყო.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. იქ აივანი არის საკმაოდ ვიწრო. ჟურნალისტები აქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.