ანდრია ჯაღმაიძე – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება, შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომლის კომენტარს საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.
„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.
შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.
ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.