ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ
ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია იმოქმედებს კანონიკური სამართლის მიხედვით იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ.

„შესაძლებელია სრულიად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და ძალიან გვაგონებს ეს საბჭოური პერიოდის ეკლესიების დარბევას. გუშინდელი ინციდენტიც იყო სრულიად მოულოდნელი და მიჭირს პროგნოზირება, რა შეიძლება ხვალ კიდევ გააკეთონ. სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს ეკლესია, კანონიკური სამართლის ფარგლებში. იცით, რომ კანონიკური სამართალი ითვალისწინებს ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი მედიის წარმომადგენელი.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.