ანდრია გვიდიანი - ინტერპელაციის დროს ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა
ანდრია გვიდიანი - ინტერპელაციის დროს ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა

ინტერპელაციის გზით პრემიერის პარლამენტში მისვლა და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, არის დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის შეფასებისას განაცხადა.

გვიდიანი დადებითად აფასებს პრემიერისა და მთავრობის სხვა წევრების პარლამენტში გამოსვლების გახშირებას.

რაც შეეხება, კონკრეტულად მამუკა ბახტაძის გამოსვლას და ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატების შეკითხვებს, ექსპერტის შეფასებით, ოპოზიცია „ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა”.

„ვფიქრობ, ბევრი საკითხი იყო ოპოზიციის მხრიდან იყო პოპულისტური და არასაგნობრივი დავა. ვფიქრობ, ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა. უფრო მეტად ღია კარის მტვრევას ჰგავდა მათი მხრიდან იგივე საპენსიო რეფორმაზე, „თიბისი ბანკის” საკითხზე, საბანკო რეგულაციებსა და სხვა საკითხებზე.

მთავრობას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ყველაზე დადებითი მსოფლიო გამოცდილება არის გაზიარებული საქართველოში და შესაბამისად, ის რეფორმები, რომლებიც გაატარა ხელისუფლებამ, არის აპრობირებული ბევრ წარმატებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ვთვლი, რომ ოპოზიციის ბრალდებები არ იყო დასაბუთებული და მათ მიერ ხშირ შემთხვევაში ემოციურ ფონზე კეთდებოდა განცხადებები.

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, მან ძალიან დასაბუთებულად უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ამომწურავი პასუხები გასცა ყველა შეკითხვას. მოსახლეობამ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ახალი ინფორმაცია”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.