ანდრია გვიდიანი - ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მათ შორის, ეკონომიკური გუნდიდანაც
ანდრია გვიდიანი - ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მათ შორის, ეკონომიკური გუნდიდანაც

ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მათ შორის, ეკონომიკური გუნდიდანაც, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის მინისტრთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია და ვფიქრობ, ეს ნაბიჯი გადასადგმელია. მოქალაქეებს ბეზრდებათ ადამიანები, რომლებიც დინამიურები არ არიან და ისეთ თანამდებობებზე არიან, რომელსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი აქვს. მოსახლეობაში გარკვეული ტიპის კითხვები და ანტიპათია დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებითაც არსებობს და თითქმის, დარწმუნებული ვარ, რომ ის თანამდებობას დატოვებს“, – განაცხადა გვიდიანმა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში არსებული პრობლემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ქვეყანაში პროტესტია და ბოლო პერიოდში, თეა წულუკიანის ფაქტორმა დიდი აგრესია გამოიწვია.

„სასამართლო სისტემაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პორტირებული წევრები არიან და თავის დროზე დანაშაულებრივი სისტემის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი სასამართლო სისტემაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში დღესაც წარმატებით არიან მოკალათებული, ეს ფაქტორები კი, მოსახლეობაში ანტიპათიას იწვევს და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი თქმით, ახალი პრემიერი მოსახლეობის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს და ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რისი დაკვეთაც მოსახლეობას აქვს.

როგორც „აფბა“-ს ანალიტიკოსმა განაცხადა, ეს არის ის მოლოდინები და რეკომენდაციები, რაც მამუკა ბახტაძესთან აქვს.