ანდრია გვიდიანი - საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
ანდრია გვიდიანი - საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა საბანკო სექტორში ამოქმედებული ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტის, ანდრია გვიდიანის აზრით, Fitch Ratings-ის შეფასება მორიგი დასტურია, რომ საფინანსო სექტორში დაწესებული რეგულაციები დროული და აუცილებელი იყო.

„ვფიქრობ, საფინანსო სექტორში ამოქმედებული რეგულაციები პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ფინანსური სექტორის სწორად განვითარებაზე, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამოქმედებული რეგულაციების მიმართ ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ჭარბვალიანობის სახით, სახეზე იყო ძალიან საშიში ტენდენცია, რომელიც მთლიანად საფინანსო სექტორისთვის სისტემური რისკის ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო დროული ჩარევა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო საფინანსო სექტორის მდგრადობა და მისი დინამიურად განვითარების პერსპექტივა.

თუ კონკრეტულ მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ საგანგაშოდ მაღალია შინამეურნეობის ვალის შეფარდება შინამეურნეობების განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში, რომელიც 50%-ზე მეტს შეადგენს – ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი არაადეკვატური ვითარება დროულ ჩარევას საჭიროებდა. შესაბამისად, ამ რთულ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ახალ რეგულაციებს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ ასეთი რეგულაციების შემოღების თვალსაზრისით, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, საფინანსო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების განსამტკიცებლად, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს გონივრული და ეფექტური რეგულაციების შემოღება, რომლებიც მომხმარებლების უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

„როგორც აღვნიშნე, დადებითი ტენდენციაა, როდესაც საფინანსო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების ამოქმედებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. რა თქმა უნდა, საფინანსო ინსტიტუტები საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არიან და ისინი მხოლოდ თავიანთი მოგების მაქსიმიზაციაზე არიან ორიენტირებულები, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დაზარალდეს მომხმარებლების ინტერესები და სწორედ ამიტომ არსებობს მარეგულირებელი ორგანო. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საფინანსო სექტორში წესრიგის დასამყარებლად, ეროვნულმა ბანკმა და, ზოგადად სახელმწიფომ, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა გააგრძელონ“, – განაცხადა გვიდიანმა.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივით საკრედიტო რეიტინგი „BB-“ შეუნარჩუნა.

დატოვე კომენტარი