ანდრია გვიდიანი - რაც მეტად შევიზღუდავთ თავს, მოვითმენთ და დავრჩებით სახლში, მით მალე შევძლებთ, ავამოქმედოთ ეკონომიკა
ანდრია გვიდიანი - რაც მეტად შევიზღუდავთ თავს, მოვითმენთ და დავრჩებით სახლში, მით მალე შევძლებთ, ავამოქმედოთ ეკონომიკა

რაც მეტად შევიზღუდავთ თავს, მოვითმენთ და დავრჩებით სახლში, მით უფრო მალე შევძლებთ, ავამოქმედოთ ეკონომიკა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა და ამ გავლენის უარყოფითი შედეგების შესარბილებლად საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სამი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ რეგულაციების გამკაცრების გამო, ბიზნესის ნაწილში, განსაკუთრებით ელექტრონული ვაჭრობის შეზღუდვის შემდეგ, გაჩნდა განწყობა, რომ მთავრობამ ჭარბი რეგულაციები დააწესა, რაც ეკონომიკურ სურათს საჭიროზე მეტად ამძიმებს.

გვიდიანის მოსაზრებით, ქვეყნის ეკონომიკური სურათი დამოკიდებული იქნება, რამდენად ხანგრძლივი და მკაცრი იქნება კარანტინი. რაც უფრო სწრაფად დასრულდება კარანტინი, მით უფრო სწრაფად დაიწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და პირიქით – რაც უფრო რბილი და ხანგრძლივი იქნება კარანტინის პირობები, მით უფრო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას მივიღებთ.

„რაც შეეხება მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, თუნდაც ქალაქების ჩაკეტვა და სხვადასხვა რეგულაცია, რომლებიც ბოლო პერიოდში მოქმედებს და ამის კორელაცია ეკონომიკასთან. კარგად უნდა გავიგოთ ერთი რამ. შეიძლება, დღეს მკაცრი რეგულაციები ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს, ვფიქრობ, ეს დადებითიც არის იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მკაცრად შევზღუდავთ და მკაცრი რეგულაციები გვექნება, მით უფრო მალე შევძლებთ ეკონომიკური სექტორების გამოცოცხლებას. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. თუ გვექნება რბილი რეგულაციები და სანახევროდ შემოღებული შეზღუდვები, შესაბამისად, ეკონომიკის შენელების პროცესი გაგრძელდება უფრო დიდხანს. ანუ ეს გარკვეულწილად ზიარჭურჭლის პრინციპს ჰგავს და დღეს რაც მეტად შევიზღუდავთ თავს, მოვითმენთ და დავრჩებით სახლში, უფრო მალე შევძლებთ, ავამოქმედოთ ეკონომიკა“, – განაცხადა გვიდიანმა.

რაც შეეხება ელექტრონული ვაჭრობის შეზღუდვას, გვიდიანის განმარტებით, თუ ამ ფორმატის განახლებას ჭარბი ბიუროკრატიული ბარიერი უშლის ხელს, ბიზნესმა ხმა უნდა აიმაღლოს. თუმცა, არც ის ფაქტია გამორიცხული, რომ ამ სექტორშიც იყოს გარკვეული რისკები.

„პირადად ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ონლაინკომერციის შეზღუდვა გადაჭარბებული იყო. თუმცა, მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, მათ შორის, ეპიდემიოლოგების ნაწილის განცხადებები, რომ ონლაინკომერციის ღიად დატოვება ქმნიდა გარკვეულ რისკებს, იმდენად, რამდენადაც ონლაიონკომერციას თან ახლავს თავისი ინფრასტრუქტურა. ის მომსახურება, რითაც ონლაინგაყიდვები ხორციელდება, ქმნიდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკებს. დღეს ძალიან მიშვნელოვანია, კიდევ ერთ საკითხზე გავაკეთოთ აქცენტი. დღეს თუ ვინმეს ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გარკვეული კომპანიების გახსნა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩაბმა, პირველი ეს არის მთავრობა. პირველ რიგში მთავრობის ამოცანაა, რომ ეკონომიკურ აქტივობას შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს, მათ შორის, იმ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გარკვეული სერვისი მიაწოდონ მომხარებელს. თუ შემოწმების ვადების თვალსაზრისით რაღაც პრობლემები მართალაც არსებობს, ბიზნესმა უნდა იაქტიუროს. იმ ბიზნესებმა, რომლებსაც შეუძლიათ, გააგრძელონ ეკონომიკური აქტივობა და უბრალოდ ბიუროკრატიული ხარვეზები უშლით ხელს, ვფიქრობ, აქ ბიზნესმა ხმა უნდა აიმაღლოს. შესაბამისად, იმ საზედამხედველო ორგანოებმა, რომლებიც ამოწმებენ ამა თუ იმ ბიზნესის დაცულობას და რეკომენდაციების შესრულების ნაწილს, სწრაფი ტემპით უნდა იმოქმედონ“, – განუცხადა ანდრია გვიდიანმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი