ანდრია გვიდიანი - მამუკა ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე რეფორმატორმა მინისტრმა
ანდრია გვიდიანი - მამუკა ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე რეფორმატორმა მინისტრმა

ახალი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომისტი უნდა ყოფილიყო, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეკონომიკური გამოწვევები დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, – ამის შესახებ “აფბა”-ს ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მამუკა ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე რეფორმატორმა მინისტრმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველა ფინანსთა მინისტრი სამინისტროში რაღაც ტექნიკურ როლს ასრულებდა და ბუღალტრების ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, მამუკა ბახტაძე კი, ბუღალტრის როლიდან გამოვიდა და რეალურად, ფისკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო“, – განაცხადა გვიდიანმა.

როგორც გვიდიანმა აღნიშნა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ და ამბობდნენ, რომ ჭარბვალიანობის სახით, საქმე გვქონდა სისტემურ რისკთან, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმებოდა, მამუკა ბახტაძემ კი, წინაბორბედებისგან განსხვავებით, კომპლექსები და შიშები დაძლია და სისტემური რეფორმების განხორციელება დაიწყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის იგრძნობენ მოქალაქეები რეფორმების ხელშესახებ შედეგებს, ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძის მიერ გატარებული რეფორმები ბიზნესის განვითარებაზე აისახება.

„ბოლო რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რეფორმაა, რომელიც მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის მამოძრავებელი უნდა იყოს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები, საგადასახადო შეღავათები, თუ სხვა ტიპის ღონისძიებები მისასალმებელია“, – განაცხადა გვიდიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ბიძინა ივანიშვილსა და ყოფილ პრემიერს შორის რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ყოფილიყო, თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რაც UNICEF-ის კვლევაში წერია, ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ ზოგადად, ჩამორჩენები ბევრი მიმართულებით იყო და მისი აზრით, უთანხმოების მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური საკითხები არ ყოფილა.

UNICEF-ის კვლევა ისე შეიფუთა, თითქოს, აპოკალიფსი მოხდა, მაგრამ იქ ისეთი არაფერი წერია, რის გამოც შეიძლებოდა, პრემიერი, ან რომელიმე მინისტრი მაინც გადამდგარიყო. არ მგონია, კვირიკაშვილს რამე ისეთი ჩავარდნა ჰქონოდა, რის გამოც აუცილებლად წასასვლელი იყო. საერთოდ, ბოლო დროს ასეთი სტილი დამკვიდრდა, რომ ორი წლის შემდეგ ყველა იცვლება. ეს ბიძინა ივანიშვილის სტილია. ის თავადაც ერთ წელიწადში წავიდა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრები უნდა მოდიოდნენ და მალე მიდიოდნენ.“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.