ანდრია გვიდიანი - ბიზნესის ლიკვიდობის პრობლემა სხვა მეთოდებით უნდა გადავჭრათ და არა გადასახდების გადავადებით ან გაუქმებით
ანდრია გვიდიანი - ბიზნესის ლიკვიდობის პრობლემა სხვა მეთოდებით უნდა გადავჭრათ და არა გადასახდების გადავადებით ან გაუქმებით

ყველა ბიზნესისთვის გადასახადების გადავადება სწორად არ მიმაჩნია, რადგან ამან შესაძლოა, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე, რასაც ზოგადი საერთაშორისო პოზიციის გაუარესება მოჰყვება. ამიტომ ბიზნესში არსებული ლიკვიდობის პრობლემა სხვა მეთოდებით უნდა გადავჭრათ და არა გადასახდების გადავადებით ან გაუქმებით. ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა და ამ გავლენის უარყოფითი შედეგების შესარბილებლად საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სამი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, რომელიც არსებული არამდგრადი ვითარების გამო გადახედვას ექვემდებარება, წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ ოთხი პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ კი რვა პროცენტს გადააჭარბებს. მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გადარიცხვების შემცირება და ტურისტული ნაკადის შეჩერება. შესაბამისად, ბიზნესი ბუნებრივია შემოსავლების კლებას განიცდის და ლიკვიდობის პრობლემის დაძლევის მიზნით, ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ მთავრობას დროებით საგადასახადო შეღავათების მინიჭების თხოვნით მიმართა. 

გვიდიანის მოსაზრებით, ლიკვიდობის პრობლემის აღმოფხვრა საგადასახდო შეღავათების გზით ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, რასაც შორს მიმავალი შედეგები ექნება. ამიტომ უმჯობესია, სტიმულირების სხვა მექანიზმები ამოქმედდეს.

„გადასადახადების გადავადება ბიზნესის გარკვეულ ნაწილში უკვე გაკეთებულია. ეს ეხება ტურისტულ ინდუსტრიას, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადაუვადა სახელმწიფომ. თუმცა დღეს ბიზნესასოციაციების განცხადების საფუძველზე ყველა ბიზნესისთვის რომ მოხდეს გადასახადების გადავადება, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დავუშვებთ, რომ საბიუჯეტო შემოსავლებში რაღაც ეტაპამდე არ გვექნება შესრულება, ამ შემთხვევაში ის საერთაშორისო დახმარებები, რაც უკვე ხელმოწერილია და საქართველოსკენ უნდა წამოვიდეს ტრანშების სახით, ესეც შეუძლებელი გახდება, რადგან მთლიანად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვევა. შესაბამისად, როდესაც გადასახადების გადავადებაზეა საუბარი, ეს სწორედ არ მიმაჩნია. სწორი მგონია ის, რომ დამატებითი სტიმულები მოხდეს თუნდაც ლიკვიდობის თვალსაზრისით. ამ კუთხით ეროვნულმა ბანკმა უკვე შემოგვთავაზა თავისი გეგმა. კერძოდ, აქ საუბარია დარეზერვების ნორმების შემცირებაზე, რაც კომერციული ბანკებს დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის რესურსს გამოუთავისუფლებს. შესაბამისად, ეს თანხები პირდაპირ მიემართება კერძო სექტორში ლიკვიდობის შესავსებად“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარებიდან მილიარდ ნახევარი კერძო სექტორის დახმარებაზე დაიხარჯება, რაც ასევე ლიკვიდობის პრობლემის დაძლევას შეიძლება მოხმარდეს.

„იმ სამი მილიარდი დოლარიდან რომელზეც ვსაუბრობთ, მილიარდ ნახევარი არის უშუალოდ კერძო სექტორის და საბანკო სექტორის წასახალისებლად და ასე ვთქვათ ლიკვიდობის შესავსებად სწორედ ეს თანხები იქნება მიმართული. შესაბამისად ლიკვიდობის პრობლემა სხვა მეთოდებით უნდა გადავჭრათ და არა გადასახდების გადავადებით ან გაუქმებით. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხშირად გამოდიან და ამბობენ, რომ რაღაც გადასახადი უნდა გაუქმდეს. როდესაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, კარგად გესმით რამდენი პარამეტრი და მაჩვენებელი დგას ამ ფრაზის უკან. შესაბამისად, თუ მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვა ან საფრთხე შექმნა, გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ის საერთაშორისო დახმარებები და ზოგადად საერთაშორისო პოზიციები, რაც დღეს გვაქვს, ამასაც დავკარგავთ. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ყველა ბიზნესს და ყველა კომპანიას უნდა მიეცეს საშუალება, რომ გადასახადების გადავადების გზით შეავსონ თავიანთი ლიკვიდობა. ლიკვიდობის შევსების სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის მონეტარული და ფისკალური სტიმულები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული და არავითარ შემთხვევაში საგადასახდო შეღავათები“, – განუცხადა ანდრია გვიდიანმა „ბიზნესპარტნიორს“.