ანდრია ბითაძე - ჩემს თანაგუნდელებს თავს ხორვატი გულშემატკივრები დაესხნენ
ანდრია ბითაძე - ჩემს თანაგუნდელებს თავს ხორვატი გულშემატკივრები დაესხნენ

ტრიგლავ ლიგის“ მე-13 ტურში ანდრია ბითაძისცვერნა ზვეზდას“ „მორნართან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა უსიამოვნო ინციდენტის გამო გადაიდო. მატჩამდე ქალაქში გასულ სერბ წყალბურთელებს, თავს ხორვატი გულშემატკივრები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პირველი არხი სერბულ კლუბში მოასპარეზე ქართველ წყალბურთელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

„ვარჯიშის შემდეგ გუნდის ნაწილი ქალაქის ცენტრში ყავის დასალევად გავიდა, ხოლო ნაწილი სასტუმროში დაბრუნდა. მე სასტუმროში მიბრუნებულებს შორის ვიყავი. ჩემი სამი თანაგუნდელი სპლიტის ცენტრში წავიდა ყავის დასალევად, როდესაც მიმტანმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ კრალსცვერნა ზვეზდას“ ჟაკეტი ეცვა, ურჩია ლოგო დაემალა. ჩემს თანაგუნდელებს ეგონათ, რომ მიმტანი ხუმრობდა. ამ ეპიზოდის შემდეგ, ათიოდე წუთში კაფეში შევიდა ექვსი კაცი და სერბ სპორტსმენებს უსიტყვოდ დაუწყეს ცემა. ორმა მოთამაშემ მოახერხა გაქცევა, ხოლო ერთს თავში სამჯერ და ფეხში ერთხელ ხელკეტი მოხვდა, რის გამოც ხორვატებს ვერ გაერიდა. როდესაც კაფეს ტერიტორია დატოვეს, გარეთ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სპორტსმენებს დანაც გაუხსნა. ჩვენი გუნდის მეკარემ ამ დროს თავს უშველა და ზღვაში გადახტა, სადაც თავდამსხმელები აღარ გაყვნენ. ამასობაში ხალხი შეიკრიბა, პოლიციაში დარეკეს და ხულიგნები გაიქცნენ. საბოლოოდ, კრალს ცხვირი აქვს გატეხილი, ხოლო ვასიჩი და მაკსიმოვიჩი გადარჩნენ“, – თქვა ანდრია ბითაძემ პირველ არხთან საუბრისას.

ბითაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ სავარაუდო დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა იციან, რომ საფეხბურთო კლუბ „სპლიტ ჰაიდუკის“ გულშემატკივრები იყვნენ – „ეს ყველაფერი სერბეთისა და ხორვატიის დაძაბული ურთიერთობის გამო მოხდა. თავდამსხმელებზე იციან, რომ „სპლიტ ჰაიდუკის“ გულშემატკივრები იყვნენ. ამ ფაქტს უკვე პოლიტიკური სახე მიეცა და ხორვატიის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა, რომელმაც ხულიგნების ქმედება დაგმო. სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალური ახლა სწორედ ეს თემაა.“

თუ როდის ითამაშებენ „ცვერნა ზვეზდა“ და „მორნარი“, მიმდინარე კვირაში გაირკვევა. მატჩი, დიდი ალბათობით, ნეიტრალურ არენაზე გაიმართება.