ანდრეს მამიკინსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს
ანდრეს მამიკინსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს

ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს.

ანდრეს მამიკინსი უკვე შეხვდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს. ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რადგან ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტის მომხსენებლის პოზიცია მნიშვნელოვანია.

​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. პარტნიორებთან დიალოგი და დისკუსია ყოველდღიურად გვაქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებსა და სამწუხარო ტენდენციებს. საუბარია მონოპოლიზაციაზე არაფორმალური მმართველობის ქვეშ. ასევე საუბარია, სტრასბურგის გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და იმ საფრთხეზე, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინსტიტუტები დემოკრატიას უქმნიან. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში
მიმდინარე პროცესებზე პარტნიორები ისედაც ინფორმირებული არიან, მაგრამ დასკვნა როგორი იქნება, მმართველი პარტიის წარმომადგელებისგან განსხვავებით, მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, რომ დასკვნა საქართველოსთვის პოზიტიური იქნება”, – განაცხადა ბოკერიამ.

თავის მხრივ, ევროპარლამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თიკა ბოკუჩავა. დეპუტატის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან მოსახლეობა მზადაა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. “მომხსენებელს ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დემოკრატიული გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც საქართველო დგას. სამწუხაროდ, ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ოპონენტებს დევნის და მედიას ავიწროვებს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას ამცირებს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობისკენ ქვეყნის მისწრაფებას ხელს უშლის”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ანდრეს მამიკინსი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ხვდება. ანდრეს მამიკინსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც ქვეყნის თაობაზე ნოემბერში ანგარიშს მოამზადებს, სადაც საუბარი იქნება იმის თაობაზე, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს როგორ შეასრულებს.