ანდრეი სიბიგამ პიტერ სიიარტოს მიმართა - სოციალურ ქსელში კამათის ნაცვლად, შევხვდეთ და გავმართოთ დისკუსია, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე კეთილსინდისიერად შევთანხმდეთ
ანდრეი სიბიგამ პიტერ სიიარტოს მიმართა - სოციალურ ქსელში კამათის ნაცვლად, შევხვდეთ და გავმართოთ დისკუსია, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე კეთილსინდისიერად შევთანხმდეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს, სოციალურ ქსელებში კამათის ნაცვლად, შეხვედრას და ღიად საუბარს სთავაზობს, – ამის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიბიგა სიიარტოსადმი მიმართვაში აღნიშნავს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იცის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს არ უქმნის უნგრეთს, პირიქით, ეს შეესაბამება უნგრეთის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.

„უნგრეთი დაინტერესებულია ძლიერი და გაერთიანებული ევროპით, რომელიც რჩება წარმატებული ინტეგრაციის გზაზე და სთავაზობს ინტეგრაციის მიმზიდველ პერსპექტივებს“ – ეს არის ციტატა უნგრეთის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიიდან“, – წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უქმნის საფრთხეს უნგრელ ფერმერებს, რომლებსაც არცერთი დღე არ გადაუკეტავთ უკრაინა-უნგრეთის საზღვარი და მიმდინარე წელს აქტიურად ყიდულობენ უკრაინულ სიმინდს.

„ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება ასევე არ უქმნის საფრთხეს უნგრეთის შრომის ბაზარს, რადგან რუსეთის შემოჭრამდე თქვენი მთავრობა აქტიურად იწვევდა უკრაინელებს უნგრეთში სამუშაოდ, რათა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა შეევსო“, – აღნიშნავს სიბიგა.

სიბიგა ასევე აცხადებს, რომ ტრანსკარპატიის ოლქში უნგრული თემი უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაზეც მისმა ლიდერებმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს, ხოლო მათი ინტერესების დაცვა უნგრეთის კონსტიტუციით არის დაცული.

„„ტვიტერზე“ კამათის ნაცვლად, მოდი, შევხვდეთ და კონსტრუქციული დისკუსია გავმართოთ. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია,  კეთილსინდისიერად შევთანხმდეთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე – გაერთიანებულ ევროპაში ჩვენი ხალხების მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესების გამო“, – აღნიშნა სიბიგამ.

ცნობისთვის, გუშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.