ანდრეი სიბიგამ გერმანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც ვადეპული სერგეი ლავროვს შეხვდა

10:56, 27.09.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეპულთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც ვადეპული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას კიევის პოზიციის რუსეთის მხარისთვის გაცნობისთვის.

„მადლობელი ვარ მინისტრ ვადეპულის, რომელმაც რუსეთის მხარეს ჩვენი საერთო, მტკიცე პოზიციები გააცნო: მოსკოვს ომის დასრულებისკენ მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და გააფრთხილა რუსეთის მხარე, რომ ევროპის წინააღმდეგ შემდგომი მტრული ქმედებები დაუშვებელია. ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი შემდგომი ნაბიჯები სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ასევე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდისა და ზამთრის მოახლოების წინ უკრაინის მედეგობის გაძლიერების გზებზე. მადლობა გადავუხადე გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ლიდერობისთვის“, – დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანული მედიის ცნობით, ვადეპულმა ლავროვს მოუწოდა, რუსეთმა „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე“.

მსგავსი