ანდრეი სიბიგა - უკრაინა აქტიურად მუშაობს ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი მოქალაქეების უკრაინაში გადასაყვანად
ანდრეი სიბიგა - უკრაინა აქტიურად მუშაობს ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი მოქალაქეების უკრაინაში გადასაყვანად

უკრაინის საგარეო საქმეთa მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი მოქალაქეების უკრაინაში გადასაყვანად.

ამის შესახებ ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, რუსეთი საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას იარაღად იყენებს, უკრაინა კი სთავაზობს რუსეთს, ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანონ.

„ივნისის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საზღვარზე უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა უმეტესობას ყოფილი მსჯავრდებულები წარმოადგენენ. შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს არ გააჩნია სათანადო დოკუმენტაცია, გაჭედილია ტრანზიტულ ზონაში. უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ მათი დოკუმენტების უზრუნველსაყოფად და მოლდოვის გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებისთვის. ამ მარშრუტით უკვე განხორციელდა 43 მოქალაქის ევაკუაცია, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრის, ანდრეი კოლომეცის. თუმცა ბევრი ადამიანი საზღვარზე რთულ პირობებში რჩება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რომ მოხდეს დარჩენილი ადამიანების ტრანზიტი უკრაინაში. თუმცა არანაირი გარანტია არ არის, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას. სამომავლოდ, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორია პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნონ. ჩვენ მზად ვიქნებით, ისინი იქ მივიღოთ. არსებობს საზღვრის სათანადო მონაკვეთები, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ გადავცემთ ამ შეთავაზებას პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით, ოფიციალური არხების გამოყენებით“, – წერს ანდრეი სიბიგა.

აღნიშნულ საკითხს ასევე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრმა სიბიგამ მას რუსეთს-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მინისტრმა მაცნობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით სიტუაციის შესახებ, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიიდან ფაქტობრივად „ყრიან“ დოკუმენტების გარეშე, უკრაინისა და ქართული მხარის გაფრთხილების გარეშე. კერძოდ, ეს არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც რუსები უშვებენ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ციხეებიდან და ბანაკებიდან. უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ ამ მოქალაქეების ჩვენს სახელმწიფოში ტრანზიტის ორგანიზებაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მათ ჩადენილი აქვთ არაერთი დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები“.

„შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.