ანდრეი სიბიგა – რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გაგრძელება არ არის

12:53, 13.09.2026

რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გაგრძელება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ტერორი, რომელიც „პირდაპირ ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე აკაკუნებს“.

„რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო. იმოქმედეთ ახლავე. თქვენი სანქციების სრული ძალა პუტინის აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართეთ. აგრძნობინეთ მოსკოვს საკუთარი ტერორის შედეგები. არა ნახევრად მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ უკომპრომისო და ძლიერი ნაბიჯები. სრული სავაჭრო ემბარგო. ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სრული სანქციები“, – წერს სიბიგა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ მის ბარბაროსობას მოჰყვება გადამწყვეტი მოქმედებები, რომლებიც მისთვის ომის წარმოების საფასურს მიუღებელ დონემდე გაზრდის.

მისივე თქმით, ეს რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზაა.

ცნობისთვის, რუსი სამხედროები უკრაინაში, პოლონეთის საზღვარზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, იაგოდინის საკონტროლო პუნქტთან ამჟამად სატვირთო მანქანები იწვის. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს და იქვე მდგომ სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე იაგოდინის საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მდებარეობს ვოლინის რეგიონში, კოველის რაიონის სოფელ სტაროვოიტოვოს მახლობლად და პოლონეთის საზღვარზე, სოფელ დოროჰუსკის მახლობლად. ეს გამშვები პუნქტი უკრაინასა და პოლონეთს შორის ერთ-ერთი მთავარი საგზაო-გამშვები პუნქტია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. მატარებლები საზღვარზე გაჩერდა და მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მსგავსი