ანდრეი სიბიგა – რუსეთ-უკრაინის ომში სამართლიანი მშვიდობისკენ პროგრესის მიღწევა შეერთებული შტატების გარეშე არარეალურია, პროცესის გასაძლიერებლად უკრაინას აქვს კრეატიული იდეები 

14:35, 22.08.2026

რუსეთ-უკრაინის ომში სამართლიანი მშვიდობისკენ პროგრესის მიღწევა შეერთებული შტატების გარეშე არარეალურია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოჰან ვადეპულთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინას სჭირდება აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობა.

„ჩვენ მივესალმებით ასეთ ჩართულობას. მივესალმებით ამერიკული მხარის მიერ გამოვლენილ ლიდერობას. საბოლოო ჯამში, ამერიკელების, აშშ-ის გარეშე ამ სიტუაციაში პროგრესის მიღწევა და სამართლიანი მშვიდობის დამყარება არარეალურია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრაზე სამშვიდობო ძალისხმევაში ევროპის როლი განიხილეს.

„უკრაინას აქვს იდეეები, მათ შორის კრეატიულიც, რათა პროცესი მაქსიმალურად გააძლიეროს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ჩამოსვლას. მე და იოჰანმა ასევე განვიხილეთ ევროპის როლი ამ სამშვიდობო ძალისხმევაში“, – აღნიშნა სიბიგამ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ერთადერთი დაბრკოლება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

„ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, პირველ რიგში, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მივიყვანოთ ეს ომი დასასრულამდე. ამისთვის არსებობს ერთი და პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება – პუტინი. ბრძოლის ველზე არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსული მხარე მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, გააძლიერეს ტერორი“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, მისივე თქმით, სამართლიანია, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის დახმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, წამყვან როლს თამაშობს უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამომავლო აღდგენის სფეროებში თანამშრომლობაში, რომლის გაფართოებაც იგეგმება.

„ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. კონკრეტული პროექტები თავდაცვის ინდუსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო კოალიცია კარგ პროგრესს განიცდის და გერმანია მასში აქტიურ როლს ასრულებს. რთული წარმოსადგენია, გერმანული კომპანიების გარეშე ეს რეალობად ქცეულიყო“, – აღნიშნა სიბიგამ.

მსგავსი