ანდრეი სიბიგა - პოლონეთსა და ესტონეთში რასაც ვხედავთ, გვახსენებს, როგორ დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ამ ესკალაციასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ძალითა და ერთიანობით რეაგირებაა
ანდრეი სიბიგა - პოლონეთსა და ესტონეთში რასაც ვხედავთ, გვახსენებს, როგორ დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ამ ესკალაციასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ძალითა და ერთიანობით რეაგირებაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ნატო-ს რუსეთის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სიბიგამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიბიგამ გაიხსენა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

„ლოგიკა მარტივია. რუსეთი ამწვავებს სიტუაციას, რათა ყველას აიძულოს მისი წესებით თამაში. მას სურს, ყველასთვის ჯუნგლების კანონი დააწესოს: ყველაზე ძლიერის მმართველობა. ჩვენი მიზანი საპირისპიროა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ ჩვენი წესებით ითამაშოს. მას გაერო-ს ქარტია ჰქვია“, – აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებზე საპასუხო პოლიტიკური ნაბიჯები „უნდა იყოს გამყარებული ძლიერი პრაქტიკული ნაბიჯებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული აგრესია მხოლოდ წახალისებული იქნება.

„ძლიერი პასუხი ნიშნავს, რომ საფრთხე არ შეიძლება გრძელდებოდეს 12 წუთი ან თუნდაც მხოლოდ ერთი წუთი. ის უნდა იყოს განეიტრალებული”, – აღნიშნა სიბიგამ.

სიბიგამ მოუწოდა ევროპაში ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნისკენ და დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ის, რასაც ახლა პოლონეთსა და ესტონეთში ვხედავთ, გვახსენებს, თუ როგორ დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჰიბრიდული თავდასხმები და ესკალაცია, ჯარისკაცები განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და სხვა ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ ამ ნიმუშის გამეორებას, მაგრამ სხვადასხვა ფორმით. ამ ესკალაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ძალითა და ერთიანობით რეაგირებაა“, – განაცხადა სიბიგამ.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ესტონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ავიაგამანადგურებლის შეჭრასთან დაკავშირებით გაიმართა.