ანდრეი სიბიგა - პუტინს არ უნდა მიეცეს სრული დაუსჯელობის განცდით მოქმედების უფლება, მოდით, ეს ომი რუსული საომარი მანქანის დაფინანსების შეწყვეტით დავასრულოთ
პუტინს არ უნდა მიეცეს სრული დაუსჯელობის განცდით მოქმედების უფლება. მოდით, ეს ომი რუსული საომარი მანქანის დაფინანსების შეწყვეტით დავასრულოთ, – ამის შესახებ ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაჰპირდა მკვლელობების შეჩერებას, დიპლომატიის განახლებასა და ომის დასრულებას, სტამბოლში მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების წარდგენას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით ლიდერების შეხვედრის ჩატარებას. სიბიგას თქმით, პუტინს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თავისი დაპირებების შესასრულებლად, ამის ნაცვლად კი რუსეთმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და გააძლიერა ტერორი უკრაინის წინააღმდეგ, გააგრძელა ულტიმატუმების წაყენება და დიპლომატიის იმიტაცია.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდა ლიდერთა შეხვედრას, მშვიდობიან მოსახლეობაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმები განახორციელა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაზე იერიში მიიტანა, დრონებით შეიჭრა პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში.
„პუტინს არ უნდა მიეცეს სრული დაუსჯელობის განცდით მოქმედების უფლება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ყველა ევროპელ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებსა და სხვებს, დაუყოვნებლივ განახორციელონ მაქსიმალური ზეწოლა მოსკოვზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დაფინანსების შეჩერებისკენ. ეს ზომები ახლავე უნდა იყოს მიღებული და არა მოგვიანებით. რუსეთის ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია. სერიოზული დამატებითი ზეწოლა პუტინს აგრძნობინებს, რომ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს და პირადად მას. მოდით, ეს ომი დავასრულოთ რუსული საომარი მანქანის დაფინანსების შეწყვეტით“, – წერს სიბიგა.