ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიევთან იყო კოორდინირებული
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიევთან იყო კოორდინირებული.
ამის შესახებ სიბიგამ ჰელსინკიში, ფინეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერების საუბრები პუტინთან და შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისთან. დიპლომატიურ ძალისხმევასა და სამშვიდობო პროცესის ასეთ აქტიურ მხარდაჭერას მივესალმებით. ეს საუბარი, როგორც აღინიშნა, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ეს სწორი მიდგომაა. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება. გვაქვს განხორციელებადი წინადადებები და გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისივე თქმით, სამშვიდობო ძალისხმევას ახალი დინამიკა სჭირდება, რათა პროცესი დაჩქარდეს და ახალი იმპულსი მიიღოს. სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკიმ სტუბსა და სტიორეს სთხოვა, პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტისა და სამიტის აუცილებლობის შესახებ შეტყობინება გადაეცათ.
„ოლეშკიში შედეგებს თუ დავინახავთ, ამან შესაძლოა, სხვა ნაბიჯებისთვისაც გახსნას გზა სამშვიდობო პროცესში, როგორც ნდობის განმტკიცების ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ჰელსინკი რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენას არ აპირებს.
„ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ხელახლა გახსნის პროცესში არ ვართ. ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: ფინეთი ამ ომში შუამავლის როლს არ ეძებს, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და დავრჩებით. ამიტომ, ჩვენ აქ უკრაინის მხარდასაჭერად ვართ“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.