ანდრეი სიბიგა – ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესახებ წინადადებები, რომელთა შესახებაც გამოცემა The Economist-ი იუწყება, მცდარი და სახიფათოა
ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესახებ წინადადებები, რომელთა შესახებაც გამოცემა The Economist-ი იუწყება, მცდარი და სახიფათოა. ამის შესახებ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსული ენერგეტიკული შანტაჟის ათწლეულების შემდეგ, ევროპამ რეალური ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა მხოლოდ ახლახან დაიწყო.
,,მოსკოვისთვის ენერგორესურსები იარაღია და არა ბიზნესი. ეს გაკვეთილი მძიმე ფასად იქნა ნასწავლი. 2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილება, შეეჩერებინა “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, ევროპის უსაფრთხოებაში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტიცია იყო. ამის საპირისპიროდ, აშშ-ის გადაწყვეტილება, 2021 წელს მშენებლობის განახლების ნებართვა გაეცა, ერთ-ერთი უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა იყო”, – განაცხადა სიბიგამ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსული მილსადენებისთვის უკრაინის გვერდის ავლის შესაძლებლობის მიცემამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გზა გაუხსნა სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად.
,,წარსულის შეცდომები არც უნდა დავივიწყოთ და არც გავიმეოროთ. ამ სტრატეგიულმა ჩავარდნებმა არც მეტი კეთილდღეობა მოიტანა და არც მეტი უსაფრთხოება – მხოლოდ ომი, არეულობა და კრიზისი. ამ ომის დასრულება დათმობებით, ბიზნესგარიგებებით ან პუტინისთვის პირფერობით შეუძლებელია. ის მხოლოდ სიძლიერით და პუტინის რეჟიმისთვის ომის გასაგრძელებლად საჭირო რესურსების ჩამორთმევით შეიძლება დასრულდეს”, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.