ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებული უკრაინელები ქვეყანაში დასაბრუნებელი დოკუმენტის აღებას ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში შეძლებენ
ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შესაძლებელი გახდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებული უკრაინელებისთვის ქვეყანაში დასაბრუნებელი დოკუმენტის აღება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
სიბიგას ცნობით, უკრაინამ აამოქმედა დოკუმენტების მიღების ექსპერიმენტული წესი იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიბადნენ და უკრაინული პასპორტი არასოდეს ჰქონიათ.
„ამიერიდან, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებულ უკრაინელებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ უკრაინული პასპორტი, შეეძლებათ, ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებში მიმართონ უკრაინაში დაბრუნების მიზნით პირადობის მოწმობის მისაღებად. ბარათი გაიცემა უფასოდ. ამ დოკუმენტით მათ შეეძლებათ უკრაინაში დაბრუნება და შემდგომში უკრაინული პასპორტის მიღება პირადობის მოწმობისა და უცხო ქვეყნის პასპორტის სახით“, – აღნიშნა სიბიგამ.
პირადობის დადასტურება შესაძლებელი იქნება გამარტივებული წესით, უკრაინის მოქალაქე ოჯახის ქმედუნარიანი წევრის ჩვენების საფუძველზე, მათ შორის, დისტანციურად.
დოკუმენტების გაფორმება შესაძლებელი იქნება საქართველოში, ბელარუსში, სომხეთში, თურქეთსა და ყაზახეთში.