ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა – „ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯისგან თავის შეკავების აუცილებლობას“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, მას გულწრფელი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან.
როგორც ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან არიდების აუცილებლობას.
ამასთან, მისივე თქმით, დისკუსიის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უკრაინის ყველა ქმედება მხოლოდ რუსული აგრესიისგან ქვეყნის დაცვას ისახავს მიზნად და არასდროს ყოფილა მიმართული სამოქალაქო გემების ან ადამიანების წინააღმდეგ“.
სიბიგას განმარტებით, ყველა ინციდენტის ძირითადი მიზეზი მოსკოვია.
„ეს ასევე ეხება ირანის განცხადებებს მათ მოქალაქეზე, რომელიც დაიღუპა და სამოქალაქო გემზე, რომელიც ბოლო ინციდენტის დროს სამიზნედ იქცა. ჩვენი მიზანია ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ყველა ამ ინციდენტის ძირითადი მიზეზია. სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა პროვოკაციასა და მსხვერპლზე. ხაზი გავუსვი ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯისგან თავის შეკავებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ყოველგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობას. ეს ომი უკანონოა და ის უნდა დასრულდეს. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი იმსახურებს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უკრაინამ რამდენიმე დღის წინ კასპიის ზღვაში გემზე იერიში მიიტანა. უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყნის დრონებმა კასპიის ზღვაში დაარტყეს ორ რუსულ გემს, რომლებსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. უკრაინის მტკიცებით, ორივე გემი ირანიდან რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. ირანული მხარე კი ირწმუნება, რომ იერიში განხორციელდა ირანის ერთ-ერთ კომერციულ გემზე, რომელსაც რკინის ტვირთი გადაჰქონდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
I called Iran’s Foreign Minister @araghchi for a frank conversation. Diplomacy is about direct conversation, even when it’s difficult. I stressed that our goal is to avoid unnecessary escalation.
I reiterated that all of Ukraine’s actions are aimed solely at defending our…
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 28, 2026