ანდრეი რუდენკო - მოქალაქეებს ვიდრე არ ეცოდინებათ, სად გადის სახელმწიფო საზღვარი, გამყოფი ხაზი თუ ადმინისტრაციული საზღვარი, რასაც არ უნდა უწოდებდეთ მას, სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევები გაგრძელდება
ანდრეი რუდენკო - მოქალაქეებს ვიდრე არ ეცოდინებათ, სად გადის სახელმწიფო საზღვარი, გამყოფი ხაზი თუ ადმინისტრაციული საზღვარი, რასაც არ უნდა უწოდებდეთ მას, სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევები გაგრძელდება

უნდა ჩამოვყალიბდეთ, სად შეიძლება სიარული და სად არა, ან სად შეიძლება სიარული მხოლოდ ნებართვებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

გატაცებების მავნე პრაქტიკის შეჩერებისა და გადაადგილების თავისუფლების შესახებ დასმულ კითხვაზე რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციაა, რომ ეს მისი ტერიტორიაა, თუმცა მეორე მხარე სხვაგვარად ფიქრობს.

„ჩემი პასუხი თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ ვიდრე მოქალაქეებს, რასაც არ უნდა უწოდებდეთ თქვენ მას, სახელმწიფო საზღვარს, გამყოფ ხაზს თუ ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ და იქით, არ ეცოდინებათ, სად გადის ის, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, სად შეიძლება სიარული და სად არა, ან სად შეიძლება სიარული მხოლოდ ნებართვებით. ის, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, ეს თქვენი პოზიციაა, მეორე მხარის პოზიცია კი სრულიად განსხვავებულია. ასე დადიან თქვენი მოქალაქეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა, შემდეგ კი წარმოიქმნება საკითხები, რომელთა განხილვითაც შემდეგ ჟენევაში ვართ დაკავებულნი“, – აღნიშნა ანდრეი რუდენკომ.

მისივე თქმით, გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია ახალგორის გადასასვლელებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ახალგორის გადასასვლელების გახსნას, ის კონკრეტული ინციდენტის გამო ჩაიკეტა. ახლა სიტუაცია სტაბილურია და ვფიქრობ, შეიძლება, მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზა, რათა ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში ამ გადასასვლელებით ისარგებლონ“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

დატოვე კომენტარი