ანდრეი რუდენკო მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული
ანდრეი რუდენკო მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული

რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა ჟენევის მოლაპარაკებების საგანია, მოლაპარაკების აღნიშნულმა ფორმატმა დაადასტურა, რომ ის მოთხოვნადია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა რუდენკოს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა თბილისთან დიალოგის ნორმანდიული ფორმატის მაგალითზე წარმართვა და არის თუ არა ამის აუცილებლობა.

რუდენკო მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის პოტენციალი ბოლომდე ათვისებული არ არის, ასევე არსებობს სხვა ფორმატებიც.

„დარწმუნებული ვარ, ეს პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. არსებობს სხვა ფორმატებიც, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველთვის მივესალმებით. ვგულისხმობ, პირველ რიგში, გრიგორი კარასანისა და ზურაბ აბაშიძის რეგულარულ დიალოგს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე მათ რაოდენობაში კი არ არის, არამედ პოლიტიკურ ნებაში, რომ დაგროვილი პრობლემები გადაიჭრას და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა რუდენკომ.

ამასთან, კითხვაზე, როდის შეიძლება, გაუქმდეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუ განიხილება ეს საკითხი ქართულ მხარესთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ამ ეტაპზე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში ეს თემა არ დგას. მზად ვიქნებით, ეს საკითხი განვიხილოთ, მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდება ორმხრივ ურთიერთობებში შარშან წარმოქმნილი კრიზისის შედეგების გადალახვა“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.