ანდრეი რუდენკო - ცხინვალი და აფხაზეთი არავის მიერ არ არის ოკუპირებული, როდესაც ტერმინ ოკუპირებულს იყენებთ, არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით
ანდრეი რუდენკო - ცხინვალი და აფხაზეთი არავის მიერ არ არის ოკუპირებული, როდესაც ტერმინ ოკუპირებულს იყენებთ, არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით

არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, როდესაც ტერმინ ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებთ, ჩვენ ასეთ ტერმინებს არ ვიყენებთ, ამიტომ არ ვიცი რას გულისხმობთ, ცხინვალი არავის მიერ არ არის ოკუპირებული, არც აფხაზეთი, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევაში ქართველი ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ე.წ. საზღვრებთან ჩაკეტილ გადასასვლელებს შეეხებოდა.

როგორც რუდენკომ აღნიშნა, რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალთან აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას.

„მე არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, როდესაც ტერმინ ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებთ. ჩვენ ასეთ ტერმინებს არ ვიყენებთ და ამიტომ არ ვიცი, რას გულისხმობთ, ცხინვალი არავის მიერ არ არის ოკუპირებული, არც აფხაზეთი. ჩვენ მათთან მხოლოდ ხელშეკრულებები გვაქვს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ვუწევთ მათ დახმარებას, მათ შორის სამხედროსაც. რაც შეეხება გადასასვლელებს, მე როგორც ვიცი, აფხაზეთში არის თავისუფალი, მშვიდობიანი გადასასვლელები, რომლითაც სარგებლობს ეთნიკური ქართველების უმეტესობა. რატომ გადაწყვიტა ზოგიერთმა ადამიანმა მდინარის გადაცურვა, მე არ ვიცი“, – განაცხადა რუდენკომ.

ამასთან, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მორიგ რაუნდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი საკითხები იყო ის თემები, რომელთა გარშემოც დიდი ხანია, მიმდინარეობს ძირითადი დისკუსია, ეს არის სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თემაა შეთანხმების მიღწევა რეგიონში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ საკითხზე თუ იქნება რაიმე პროგრესი, სხვა საკითხებიც უფრო იოლად მოგვარდება. სამწუხაროდ, ამ საკითხზე პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ყველა მონაწილის სურვილია, რომ ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდეს“, – განაცხადა რუდენკომ.