ანდრეი კოსტინი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერენ
ანდრეი კოსტინი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერენ

ისტრიული დღეა. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო. ეს არის ის, რაც ზოგმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2008 წელს გააცნობიერა, ბევრმა – 2014 წელს, 2022 წელს კი – თითქმის ყველამ. საბოლოოდ, ამან სამართლებრივი სახე მიიღო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად არის გამოცხადებული ეჭვმიტანილად სამხედრო დანაშაულში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, დაკავებამდე, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულად მიიჩნევს და მომავალში იყურება, ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე რუსეთის ლიდერთან საქმეს დაიჭერს“, – განაცხადა ანდრეი კოსტინმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.