ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის კომუნიკაცია გრძელდება
ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის კომუნიკაცია გრძელდება

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია გრძელდება.

აღნიშნული კომენტარით კასიანოვმა უპასუხა კითხვას: „კონტრაბანდის გატარებასთან დაკავშირებით უკრაინული დაზვერვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ქართული მხარე უკრაინული მხარისგან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ელოდება. აპირებს თუ არა უკრაინული მხარე ასეთი მტიკებულებების წარმოდგენას“.

„ამ შეკითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. საკითხთან დაკავშირებით გრძელდება კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა კასიანოვმა.

მედიის მიერ დასმულ კიდევ ერთ შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა იმას, რომ საქართველოს პრემიერმა უკრაინის დაზვერვის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა, კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო კომენტარებს არ უკეთებს უმაღლესი მაღალჩინოსნების განცხადებებს.

მისივე თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანაა, საქართველოსთან პარტნიორობა განავითაროს. როგორც კასიანოვი ამბობს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერება უკრაინელი და ქართველი ერის საჭიროებებს პასუხობს.

„უკრაინის საელჩო საქართველოში კომენტარებს არ უკეთებს უმაღლესი მაღალჩინოსნების განცხადებებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ საქართველოსთან პარტნიორობა, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. ეს პასუხობს უკრაინელი და ქართველი ერის საჭიროებებს“, – აღნიშნა კასიანოვმა.