ანდრეი კასიანოვი - ვგრძნობთ ქართველი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენს განმათავისუფლებელ ბრძოლაში საერთო აგრესორთან, უსაზღვროდ მადლიერი ვართ ჰუმანიტარული დახმარებისთვის
ანდრეი კასიანოვი - ვგრძნობთ ქართველი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენს განმათავისუფლებელ ბრძოლაში საერთო აგრესორთან, უსაზღვროდ მადლიერი ვართ ჰუმანიტარული დახმარებისთვის

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ქალაქების ჰიპერმარკეტებში პრომოაქცია ტარდება, რომლის მიზანია ქვეყნის მთავარი ქალაქების სავაჭრო ქსელებში უკრაინული საქონლის ყიდვისკენ მოწოდება.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას დისტრიბუტორებს რთულ ლოჯისტიკურ პირობებში ქართულ ბაზარზე ხარისხიანი უკრაინული პროდუქციის მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას გრძნობენ და უკრაინა უსაზღვროდ მადლიერია ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„ახლა საუბარი მიმდინარეობს იმ უკრაინულ ბრენდებზე, რომელთაც დიდი ხანია, გაითქვეს სახელი ევროპულ, მსოფლიო ბაზრებზე და კარგად ცნობილია საქართველოში, რომელთა შორისაა, მაგალითად, „როშენი“ და სხვა ბრენდები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის პირობებში, როცა რუსული არმია სჩადის სამხედრო დანაშაულებებს მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ და ასევე, მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენ საწარმოო სიმძლავრეებს, სოფლის მეურნეობისa და კვების ობიექტებს, პროდუქტებს თუ სხვა საქონლის შემნახველი ადგილებისა და მიწოდების ჯაჭვებს, დღევანდელ პრომოაქციას აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური ხასიათი, არამედ არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის, მხარდაჭერის ნამდვილი გამოვლინება.

უკრაინაში ყოველდღიური დაბომბვის და სარაკეტო დარტყმების დროს ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენს განმათავისუფლებელ ბრძოლაში საერთო აგრესორთან – რუსეთის ფედერაციასთან და უსაზღვროდ მადლიერი ვართ იმ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც იყო მოწოდებული ქართველი ხალხის მიერ ომის ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა დისტრიბუტორსა და „რითეილერს“, რომლებიც რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკირების გამო, ძალიან რთულ ლოჯისტიკურ პირობებში აგრძელებენ ქართულ ბაზარზე ხარისხიანი უკრაინული პროდუქციის მიწოდებას და წარადგენენ მას საკუთარი სავაჭრო ქსელების დახლებზე. მობრძანდით თქვენს საყვარელ მაღაზიებში და შეიძინეთ უკრაინული პროდუქცია, შეუერთდით უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.