საგარეო უწყება - ანდრეი კასიანოვს ეთხოვა დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა
საგარეო უწყება - ანდრეი კასიანოვს ეთხოვა დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან. დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

ასევე, საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ  ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე.

„აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრეი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.