ანდრეი კასიანოვი - რუსეთი დამატებით ჯარს აგზავნის სხვადასხვა ქალაქიდან, სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება
ანდრეი კასიანოვი - რუსეთი დამატებით ჯარს აგზავნის სხვადასხვა ქალაქიდან, სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადყოფნას იჩენს მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი დამატებით ჯარს აგზავნის სხვადასხვა ქალაქიდან, სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება.

ამასთან, კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა.

„რუსულ ჯარს პრობლემები აქვს ჯარების შევსებასთან დაკავშირებით. აღარ მალავენ, რომ საომარ მოქმედებებში ჩართულ დანაყოფებს ჰყავთ წვევამდელები, რასაც ისინი ადრე უარყოფდნენ. მტრის შესავსებად ისინი იყენებენ ყველა შესაძლებელ ძალას, განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებსა და ტერორისტებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარს სხვადასხვა ქალაქიდან. ესენია სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად მიმდინარეობს დაკრძალვები. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.