ანდრეი ერმაკმა და პიტერ სიიარტომ სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს
ანდრეი ერმაკმა და პიტერ სიიარტომ სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ერმაკმა „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა.

„განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი​ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნავს ერმაკი.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს ევროსაბჭოს შეხვედრა, რომელიც 14 და 15 დეკემბერს გაიმართება. როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინის რადა ევროინტეგრაციის მიმართულებით რამდენიმე კანონპროექტს მიიღებს.

როგორც ერმაკი წერს, მხარეებმა ასევე განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, იმუშაონ აღნიშნული შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.