უკრაინა პრეზიდენტის ოფისის რეფორმას გეგმავს, თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი უნდა იყვნენ სამხედროები ან სამხედრო ოპერაციების ვეტერანები
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტის ოფისის რეფორმირება შესთავაზა, რასაც ზელენსკიმ მხარი დაუჭირა.
ერმაკის თქმით, რეფორმა პრეზიდენტის ოფისის ადმინისტრაციული სტრუქტურის ფუნდამენტურ ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ერმაკის ინიციატივის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უმნიშვნელოვანეს ნაწილს უნდა შეადგენდნენ სამხედროები, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება სრულმასშტაბიანი ომის პერიოდიდან, ან ომის ვეტერანები.
„დღეს მე შევთავაზე უკრაინის პრეზიდენტს პრეზიდენტის ოფისის რეფორმა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აპარატის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყვნენ სამხედროები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული საბრძოლო გამოცდილება სრულმასშტაბიან ომში, ან სამხედრო ოპერაციების ვეტერანები“, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, ცვლილება შეეხება გამონაკლისის გარეშე ყველა დეპარტამენტის ყველა დონის თანამშრომელს. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული განყოფილებებით, არამედ მოიცავს მთელ სტრუქტურას.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ამ იდეას. სამართლიანია პრეზიდენტის ოფისის მუშაობაში საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა, რადგან ეს ადამიანები უკრაინისადმი ერთგულების საზომი არიან. საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ფრონტის ხაზზე იბრძოლეს. მათ იციან, რას ნიშნავს დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ძმობა. რაც მთავარია – მათ იციან, რას ნიშნავს ზრუნვა. ყველა მათგანი სამხედრო არ არის – ბევრი მოხალისეა. ზოგი წარმატებულ კომპანიებში მუშაობდა. სახელმწიფო მათი მადლიერი უნდა იყოს. კარგად ვიცი, როგორ იცვლება ტემპი, როდესაც ომგამოვლილი ადამიანები ახლოს არიან. ისინი საბაბს არ ეძებენ, ისინი ეძებენ გამოსავალს, როგორ მიაღწიონ შედეგებს“, – განაცხადა ერმაკმა.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, ეს მომავალში მთელ საჯარო სამსახურში უნდა გავრცელდეს.
„ეს მაგალითი მხოლოდ სახელმწიფოსთვის არ არის. ბიზნესი, კულტურა – მათაც უნდა მიიყვანონ ვეტერანები თავიანთ გუნდებში. ეს ნებისმიერ სისტემას უფრო ძლიერსა და სამართლიანს გახდის“, – განაცხადა ერმაკმა.