ანდრეი ერმაკი - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ ბრიტანეთთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო
ანდრეი ერმაკი - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ ბრიტანეთთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო

უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უკვე 13 ქვეყანა შეუერთდა. ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია ორმხრივი კონსულტაციები აშშ-თანაც.

„ნამდვილად, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან დავიწყეთ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია საკვანძო დახმარების კუთხით“, – განაცხადა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, მიზანს წლის ბოლომდე ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფენ.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ჩარჩო ხელშეკრულება ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ წევრებმა შეათანხმეს.