ანდრეი ერმაკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, ეს ის გარანტიებია, რომლებიც 100%-ით თავიდან აიცილებს ნებისმიერ აგრესიას მომავალში
ანდრეი ერმაკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, ეს ის გარანტიებია, რომლებიც 100%-ით თავიდან აიცილებს ნებისმიერ აგრესიას მომავალში

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ჯიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც მაგიდაზე დევს. რადგან ეს საუბრები, კონსულტაციები, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, მე არ მინდა, ვისაუბრო რაიმე კონკრეტულზე, მაგრამ ეს ნამდვილად ის გარანტიებია, რომლებიც 100%-ით თავიდან აიცილებს ნებისმიერ აგრესიას მომავალში“, – განაცხადა ერმაკმა.

ერმაკმა ისაუბრა უკრაინის ცუდ გამოცდილებაზე შეთანხმებების შესახებ, რომლებმაც, მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას არანაირი გარანტიები არ მისცა.

„სწორედ ამიტომ, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ქაღალდზე – ეს უნდა მუშაობდეს, ეს უნდა იყოს იურიდიულად სავალდებულო. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და შეერთებული შტატების დახმარებით“, – აღნიშნა ერმაკმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა უკრაინისადმი მოწოდებები ტერიტორიული დათმობების ან ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ, ერმაკმა უპასუხა, რომ საუბარი იყო ყველაფერზე, რაც სამართლიანია.

„ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები, ამიტომ მე არ გამოვიყენებდი სიტყვას „მოწოდებები“ ან რაიმეს „იძულება“. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით როგორც პარტნიორები და მეგობრები. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რაც სამართლიანია. ჩვენ ვსაუბრობდით ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“, – აღნიშნა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, შედგა პარტნიორული საუბარი ორ ქვეყანას შორის, რომლებიც „ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან“.

„უკრაინის დელეგაციამ გამართა საუბარი აშშ-ის დელეგაციასთან, როგორც ქვეყანასთან, რომელსაც ნამდვილად სურს ყველაფრის გაკეთება, რათა დაგვეხმაროს სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში და, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი აზრი, ჩვენი პოზიცია. დღეს გვქონდა საშუალება ძალიან დეტალურად გვესაუბრა, ყველა ამ საკითხზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.​​​​​​​​​​​​​​​​