ანდრეი ერმაკი - უკრაინის დელეგაცია ლონდონში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, ყველაფრის მიუხედავად, ვიმუშავებთ მშვიდობის მისაღწევად
უკრაინის დელეგაცია ლონდონში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
როგორც ერმაკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, ლონდონში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად ჩავიდა.
„ყველაფრის მიუხედავად, ვიმუშავებთ მშვიდობის მისაღწევად. როგორც პარიზში შევთანხმდით, შევხვდებით ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, რომლებიც დღეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებიან. მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ არის მარტივი, მაგრამ უკრაინა იყო და რჩება სამშვიდობო ძალისხმევებისადმი ერთგული“, – წერს ერმაკი.
ანდრეი ერმაკის თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის მიღწევის გზებს, „როგორც პირველ ნაბიჯს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა. ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგება და გადაიდო. მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება.