ანდრეი ერმაკი - უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა - აგრესორი ქვეყნის მიერ ცეცხლის სრული შეწყვეტა
ანდრეი ერმაკი - უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა - აგრესორი ქვეყნის მიერ ცეცხლის სრული შეწყვეტა

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა – აგრესორი ქვეყნის მიერ ცეცხლის სრული შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვეშინია ამის, რადგან სწორედ უკრაინამ უკვე აჩვენა ღიაობა და პატიოსნება. ახლა სიტყვა რუსეთზეა“, – განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავა მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის პირდაპირ კონტაქტზე.

„ეს იქნება მკაფიო სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის: მოსკოვს არ სურს მშვიდობა, არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, – აღნიშნა ერმაკმა.

მან გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი აშშ შეინარჩუნებს თავის როლს ამ პროცესში.

„ჩვენ მადლობელი ვართ სტივ უიტკოფის კონსტრუქციული საუბრებისთვის და იმის გაგებისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლოგიკური ნაბიჯია. ასევე მადლობელი ვართ პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო გზავნილისთვის: პუტინს თუ არ სურს მშვიდობა, უკრაინა მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე წარმოუდგენია“, – განაცხადა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, პუტინი თუ არ ჩავა თურქეთში, ეს უნდა გახდეს ბიძგი სხვადასხვა ქმედებისკენ, კერძოდ, სენატორ ლინდსი გრემის მიერ შეთავაზებული ამერიკული სანქციების პაკეტის და ევროკავშირის ახალი სანქციების შემოღებისკენ, რომლებმაც უნდა დაარტყას რუსეთის ენერგეტიკასა და ფინანსებს.

„30-დღიანი სიჩუმე არ არის სამხედრო უპირატესობა, არამედ პროცესის დაწყების შესაძლებლობა: დელეგაციები, მონიტორინგი, გამჭვირვალობა და სწორედ აშშ-ს აქვს ამის განხორციელების პოტენციალი“, – ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.

მისივე თქმით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე და უკვე აქვს „მსურველთა კოალიციის პირველი რეალური შედეგები“.