ანდრეი ერმაკი - რუსები აგრძელებენ ტყუილს ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ, ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, აჩვენებს მიზანს, გაახანგრძლივოს ომი
რუსები აგრძელებენ ტყუილს ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ერმაკი წერს, უკრაინა, დიდი ხანია, მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„რუსები აგრძელებენ ტყუილს ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, მხოლოდ აჩვენებს მის მიზანს, გაახანგრძლივოს ომი. უკრაინა, უკვე დიდი ხანია, მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენი პირობები კარგად არის ცნობილი“, – წერს ანდრეი ერმაკი.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ცეცხლი შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი გადასცა.
ამასთან, უმეროვის თქმით, დონალდ ტრამპის, ევროპელი ლიდერებისა და პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე განცხადებების შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ თავიანთ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულეს, თუმცა მის გადაცემას კვლავ აფერხებენ.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს.