ანდრეი ერმაკი - მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სახელმწიფო ლიდერების დონეზე ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმართება, უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებებიდან გამარჯვებული გამოვა
ანდრეი ერმაკი - მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სახელმწიფო ლიდერების დონეზე ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმართება, უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებებიდან გამარჯვებული გამოვა

მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სახელმწიფო ლიდერების დონეზე ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმართება, – ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებებიდან გამარჯვებული გამოვა.

„ახლა ჩვენ ვთხოვთ – უბიძგეთ რუსეთს მოლაპარაკებებისკენ და ნახავთ: მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით“, – თქვა ერმაკმა ნიუ იორკში ვიზიტის დროს, სადაც ის შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს.

ერმაკის თქმით, ნიუ იორკში მან უიტკოფი დაარწმუნა, რომ კიევი მზად არის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის. ამ შესაძლებლობაზე საუბარი გაიმართა ზელენსკისა და ტრამპის ორმხრივი შეხვედრისას 18 აგვისტოს ვაშინგტონში, ხოლო იმავე დღეს მოგვიანებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობითაც.

ერმაკის თქმით, ყველაფერი რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

„ჩვენთვის აუცილებელი იყო, გვემსჯელა, რა მოხდა ამ პერიოდში. სამწუხაროდ, ასეთი წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთისგან ვერცერთ სიგნალს, რომ ის მზად არის, დაიწყოს ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რაზეც საუბარი იყო თეთრ სახლში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას და დადასტურდეს უკრაინული მხარის მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ჩვენი ღიაობა“, – თქვა ერმაკმა.

მისივე განცხადებით, რამდენიმე ქვეყანაა მზადაა, უმასპინძლოს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას.

„ეს მშვენიერი ქვეყნები მზად არიან, მიიღონ ეს შეხვედრა, მზად არიან ნებისმიერ დროს მისი ორგანიზებისთვის. ახლა ყველაფერი რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

ანდრეი ერმაკმა ასევე თქვა, რომ ამჟამად უკრაინა თანამშრომლობს აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან „ყოველდღიური განხილვებისა და კონსულტაციების ფორმატში“ და ეს მუშაობა გაგრძელდება.

„ახლა ეს მძიმე საქმეა. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი, არავინ იცის ზუსტად, რა იქნება საბოლოოდ. როგორი იქნება ეს სამშვიდობო შეთანხმება, რა შევა უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო პროექტში. მაგრამ ჩვენ ზუსტად გვესმის, რა არის ჩვენთვის აუცილებელი. უკრაინა მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს, მაგრამ, სამწუხაროდ, თითოეული მათგანი რუსეთის მიერ არის დამუხრუჭებული“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.