ანდრეი დემჩენკო - გავრისკეთ, შევუტიეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - გავრისკეთ, შევუტიეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ #1TVSPORT

გორის „დილას“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამარჯვება შეაფასა და აღნიშნა, რომ ზესტაფონის სტადიონის საფარი არ მოეწონა.

„საინტერესო მატჩი გამოვიდა, ემოციური ფონი იგრძნობოდა. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, მოედნის საფარია, რამაც ფეხბურთელებს კარგი ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალა. ბევრი ორთაბრძოლა იყო და მიხარია, რომ მატჩის შემოტრიალება მოვახერხეთ“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.

უკრაინელი სპეციალისტის თქმით, გამარჯვება დროულმა ცვლილებებმა განაპირობა.

„კარგად გვესმოდა, რომ მეტოქე ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებდა. ამიტომ მეორე ტაიმში რამდენიმე ცვლილება გავაკეთეთ და ამან შედეგი გამოიღო. კამარა კარგად შევიდა, სპანდერაშვილიც… მთლიანობაში, მთელმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და თამაში მოვიგეთ“.

დემჩენკომ აღნიშნა, რომ შედეგი რისკიანი გადაწყვეტილებების დამსახურებაცაა.

„რაღაც მომენტში გავრისკეთ და ძალიან შევუტიეთ. ვიცოდით, რომ ეს მეტოქე გუნდს ზონებს გაუთავისუფლებდა. ასეც მოხდა და მომენტი „სამგურალს“ ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ კარგად ითამაშა და მათ ფორვარდს არ გაატანინა“.

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა წყალტუბოს „სამგურალთან“ მოგებით (2:1) 10 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ეროვნული ლიგის ლიდერია.

დატოვე კომენტარი