ანდრეი დემჩენკო – ეს ისტორიული შანსია, რომ ჯგუფში მოვხვდეთ #1TVSPORT
სლოვაკურ „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„განწყობა? საბრძოლოა. გუნდი 100 პროცენტით მზადაა. ანდრია ბართიშვილი დაბრუნდა, მაგრამ არმელ ზოურიმ დაგვტოვა.
ვის განვიხილავთ მარჯვენა მცველის კანდიდატად ზოურის წასვლის შემდეგ? ჩენ არ ვნერვიულობთ, რადგან ორი კარგი მცველი გვყავს – ქობულაძე და კუცია.
ბართიშვილი კრეატიული და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. ის ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, სათამაშოდ მზადაა და ახლა ჩემი გადასაწყვეტია, დავაყენებ თუ არა.
ეს ისტორიული შანსია, რომ ჯგუფში მოვხვდეთ, რადგან ქართული გუნდები ამით განებივრებულები არ არიან. მიმაჩნია, რომ ჩვენს ბიჭებს ეს შეუძლიათ.
„სლოვანის“ თამაშები ვნახე. მწვრთნელი, ერთი თვეა, რაც დაინიშნა და მესმის, როგორც კოლეგას, ეს პერიოდი რა რთულია. პირველი თამაშების ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ ვხვდები, როგორც „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე, რა სტილის დანერგვას ცდილობს“.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სლოვაკურ „სლოვანთან“ 21 ივლისს „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.