ანდრეი ბაბიში – ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთ მაგიდასთან თუ აღმოვჩნდები, არ ვიჩხუბებთ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, მეუღლესთან ერთად, 7 ივლისს ანკარაში, ნატო-ს სამიტის მონაწილეებისთვის გამართულ არაფორმალურ ვახშამს ესწრება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პირველი ლედი მასპინძლობენ.
როგორც მედია წერს, ვახშამზე ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველიც მივიდა.
ვახშმის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოხდება, თუ ის და პეტრ პაველი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდებიან, ბაბიშმა ხუმრობით უპასუხა, რომ „არ იჩხუბებენ“. „შესანიშნავი იქნება. რამდენიმე სელფს გადავიღებთ და ყველა კმაყოფილი დარჩება“, – განაცხადა ბაბიშმა.
ბაბიშს ჰკითხეს, რას ფიქრობდა იმაზე, რომ „ვახშამზე პრეზიდენტიც იყო მიწვეული?“
„ეს შესანიშნავი ამბავია. ჩეხეთს ყველაზე ძლიერი დელეგაცია ეყოლება“, – აღნიშნა ანდრეი ბაბიშმა.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როგორ გადანაწილდებიან სტუმრები, რადგან ამის შესახებ ადგილზე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თითქმის ექვსთვიანი უთანხმოების შემდეგ, რომელიც ნატო-ს სამიტში მონაწილეობის ფორმატს ეხებოდა, ანდრეი ბაბიში და პეტრ პაველი ანკარაში ცალკეული დელეგაციებით ჩავიდნენ.