ანდრეი ბაბიში - ევროპის ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით არ მიდის
ევროპის ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით არ მიდის, – ამის შესახებ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
„მე პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ჩვენი ორიენტაცია ნათელი იყო. მე უბრალოდ შეშფოთებული ვარ, რომ ევროპა უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან მისი ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით არ მიდის“, – აღნიშნა ანდრეი ბაბიშმა.
ბაბიში აპირებს, უარი თქვას საერთაშორისოდ აღიარებულ ჩეხურ ინიციატივაზე, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის გარეთ ბაზრებზე შეძენას ითვალისწინებს.
„ეს ჩვენ არ მოგვწონს. ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს ამის შესახებ“, – თქვა ბაბიშმა.
ბაბიშმა გამარჯვების შემდეგ თავისი პარტია „აშკარად პროევროპულად და ნატო-ს მომხრედ“ გამოაცხადა. პრესკონფერენციაზე ბაბიშმა განაცხადა, რომ უცხოეთში მუდმივად ვრცელდება ნეგატიური ინფორმაცია, რაც, მისი აზრით, უსამართლოა.